გუშინ ვიყავით კაპპადოკიაში. სამწუხაროდ, ანკარიდან ღამის 2 საათზე მოგვიწია გასვლა. 5 საათიან გზას 7 საათი მოვანდომეთ უამრავი გაჩერების გამო. უზომოდ ნერვების მომშლელია ამდენი გაჩერება. დაძინება ხომ პრაკტიკულად შეუძლებელია.
დილის 6 საათისკენ, მარილის საბადოებს მივადექით, ძალიან ლამაზი იყო. საერთოდ, დაკვირვებული ვარ რომ ადამიანებს, ძირითადად, ძალიან უყვართ უსაზღვრო სივრცის ყურება. მეც არ ვარ გამონაკლისი. მზე ახალი ამოსული იყო, საკმაოდ ციოდა და მარილის ზღვა.. თეთრი, თეთრი.. უყურებ და ვერ ხვდები სად მთავრდება. ძალიან მომეწონა ) wow-ურ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. Shimmering flats-გამახსენდა ) ვოვერები მიხვდებიან what i mean.
9 საათისთვის იჰლარას ხეობასთან მივედით. ამ ხეობაში, შემორჩენილია რამდენიმე, ძალიან ძველი ქრისტიანული ეკლესია, თან ისეა ჩამალული, რომ არ ჩანს. ცნობილია, რომ მტრების შემოსევის შემთხვევაში, მოსახლეობა ამ ხეობაში იმალებოდა. ჩვენც იქ ჩავედით.
დღეისათვის, ჩასასვლელი საკმაოდ გრძელი და კომფორტული კიბით არის უზრუნველყოფილი, ასე რომ ქვემოთ ჩაღწევა პრობლემას არავისთვის წარმოადგენს. მე კამერა ხელიდან არ გამიგდია, ყველაფერს ვუღებდი და ყოველ წამში ვჩერდებოდი. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, წავსულიყავით წმ. გიორგის ეკლესიის სანახავად. გიდი დავიქირავეთ და ბილიკს გავუყევით. რამდენჯერმე შევყოვნდი სურათების გადასაღებად და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მე და მარიკა გვარიანად ჩამოვრჩით ჯგუფს. არ შემშინებია, ბილიკი მხოლოდ ერთი იყო, არსად უხვევდა, ამიტომ ადრე თუ გვიან მივაგნებდით. პრობლემა სხვა იყო, საკმაოდ ქვიანი გზა იყო ბევრი უსიამოვნო ასასვლელ-ჩასასვლელით, შემეშინდა რომ წავიქცეოდი და მე, ჯანდაბას, მაგრამ კამერას რამე ნამდვილად დაემართებოდა. ჩავდე ჩანთაში და არ ამომიღია, ამიტომ გზის ეს ნაწილი დაუსურათებელი დარჩა. ბოლოს მივედით ჯგუფამდე. სადღაც გზის შუაში იყვნენ გაჩერებულები. აქედან ყველა ერთად უნდა წავსულიყავით, იდეაში, მაგრამ ნაწილმა ისევ გაგვასწრო. ბევრი ვიარეთ, მანამ, სანამ ასე 25-მა ადამიანმა არ აღმოვაჩინეთ, რომ ისე ჩამოვრჩით რომ წინ წასვლა აღარ ღირდა. დავბრუნდით და იქ, გზის შუაში დავუწყეთ ლოდინი.
უნდა ვაღიარო, დიდად არ მწყენია, მზეში კლდეზე აძრომას, ისევ ქვემოთ, მდინარესთან მშვიდად ჯდომა მერჩივნა. მოხერხებულმა თურქებმა, იქვე, შესვენების ადგილზე, პატარა საკვები პუნქტი გააკეთეს, სადაც ხაჭაპურის მაგვარი რამ ვშთანთქეთ.
ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ხეობიდან სადღაც დღის პირველი საათისთვის ამოვძვერით. სრულიად გამოვშრი, წყლის წაღება დამავიწყდა და ეს დიიიდი, დიდი შეცდომა იყო. იჰლარადან გეზი დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქისკენ ავიღეთ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩასვლას არ ვაპირებდი. რეალურად, ძალიან არ მიყვარს მიწისქვეშა დახურული სივრცეები, მეტროშიც კი არ ვგრძნობ თავს კარგად. ამიტომ, გარშემო არსებული ბაზრობის თვალიერება დავიწყე.
თურქული ბაზრობა ნამდვილი ფენომენია. ცოტა მეშინია კიდეც, უკვე. ყველაფერი ძალიან ჭრელი და ბრჭყვიალაა. ძალაუნებურად თვალი გრჩება, ამას უკვე გამყიდველები ამჩნევენ (თითქმის ყველა გამყიდველი მამაკაცია) და შიგნით შესვლას, საქონლის დათვალიერებას გთავაზობს. უარს, პრინციპულად არ იღებენ, “ნუ იყიდი, უბრალოდ შეხედე” – ყველაზე ხშირი პასუხია შენს უარზე. ასევე უყვართ იმის დაყოლება, რომ “დათვალიერება უფასოა”. თუ რამეს იყიდი, გულზე, რაღაც პატარა ავგაროზსაც გამაგრებენ “for luck” (რა თქმა უნდა, თვითონ გკიდევენ, ნამეტანი იზიდავთ ტურისტების მკერდი
). მოკლედ, ბოლოს მე და მარიკა უკვე გავრბოდით და გარშემო “lady, come in, take a look” შემოთავაზებები გვეყრებოდა ))))).
ამის მერე, გორემეს, ღია ცის ქვეშ მყოფ, მუზეუმში მივედით. უუუუ.. აი ამას, სიტყვებით ვერ და არ მოვყვები, სურათებს დავდებ. ერთს ვიტყვი რომ ჩემი ფოტომანიაკალური მოთხოვნილებები სრულიად დავაკმაყოფილე.
საღამოს 8 საათისთვის წამოვედით ანკარისკენ. ხელმძღვანელები მძღოლებთან შეთანხმდნენ, და მათ რაღაც ტერიტორიაზე გაგვიჩერეს, სადაც სუვენირებს ყიდიდნენ. აი აქ დაიწყო მარაზმი, რომელმაც უზომოდ ამშალა ნერვებზე. სუსტნერვებიანებმა, კითხვა აღარ გააგრძელოთ ))
საქონელი ისეთივე იყო, როგორც სხვა ბაზრებზე, მაგრამ ვინაიდან ყურადღების ცენტრს შედარებით მოშორებული ადგილი იყო, ყველაფერი ბევრად უფრო იაფად იყიდებოდა. სულ ერთი რიგი იყო. ქუჩის ბოლოს გორაკზე ავძვერი სურათების გადასაღებად, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვნახე და ავტობუსში დავბრუნდი. აქ ერთ-ერთი ჩვენთაგანი უკვე ამაყად აცხადებდა, რომ რაღაც, რაც ცუდად იდო, “უფასოდ იყიდა”. მხოლოდ ბავშვები ვისხედით, ამიტომ არც მალავდა, რამდენიმე “რეისი” გააკეთა “საშოვარზე”, ბოლოს, გახარებული ამოვარდა “არწივი მოვიპარეო”(რაღაც დიდი ზომის სუვენირი იყო) :/ .. დავიგრუზეთ მე და მარიკა, ნერვები მომეშალა, არამხოლოდ ქურდობაზე, არამედ იმაზეც, როგორი სიამაყით კეთდებოდა ეს ყველაფერი. ცოტა ხანში, ვიღაც მოხუცი კაცი ამოვარდა და რაღაცის ყვირილი დაიყო გამწარებულმა. მაშინვე მივხვდი, რომ ვიღაცამ აღმოაჩინა დანაკარგი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა ხუთი ხმალი მოიპარა O.o.. ხმლები ამოიღეს, ფულიც გადაუხადეს იმ კაცს, ასე რომ პოლიციას გადავურჩით, მაგრამ რად გინდა..
ღამე, პირველისკენ, ცოცხალ-მკვდარი მოვედი იურთში, დღეს თითქმის მთელი დღე მეძინა. საწყენია, რომ უძილობის და რაღაც მოვლენების გამო, ასეთი საინტერესო ადგილების ნორმალურად აღქმა ვერ შევძელი.
P.S. კიდევ მინდოდა სურათების დაყრა, მაგრამ ჩემი ფოტოაპარატის ბატარეა დაჯდა და ვეღარ გადმომაქვს სურათები :/

ძალიან მაგარი ფოტოებია, ძალიან საინტერესო იქნებოდა მართლაც
და ბოლო ნაწილზე კი ფუ!! მოსაკლავია ყველა ეგეთი.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია: სამარცხვინო ერი ვართ
მართლა უნდა მოაჭრა მარჯვენა ეგეთებს
ფანტასტიური ადგილებია მაქეთო, ბევრისგან გამიგია, ასე რომ ძალიან ასწორებს, რომ მოხვდი მანდ. ფოტოები რაცაა, უკვე მაგარია, დამატებას ველით ოღონდ
დანარჩენი კი, დაიკიდე
ისე საინტერესოდ წერ, სიამოვნებით წავიკითხე მოგზაურობის ამბები..
ასეთი თხრობით გაცილებით მეტის გაგება შემიძლია, ვიდრე სადმე – ინფოს ამოკითხვით..
ველოდები შემდეგი დღეების ქრონიკას
მიჩი, მართლა ძალიან ლამაზებია ) მარილის საბადოებზე, საერთოდ ჩვენს პლანეტაზე არ მეგონა თავი ) თბილისში ჩავალ, დავამუშავებ სურათებს ი ვსე ბუდეტ )
ქეთი, დიდი მადლობა ) გავაგრძელებ, თუმცა მოგზაურობა, ნელა-ნელა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ დარჩენილი მაქვს კიდევ დასაწერი ამბები )
მერე გვწყინს, როგორ შეგველახა რეპუტაციოაო :dull:
P.S. btw ძალიან საინტერესოდ აღწერ, მომანდომა მარილის საბადოებზე =)