ქართული ინტერნეტი სულ აააააასეთი მახსოვს ( ცერა და საჩვენებელი თითების ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიტანით). როდესაც მთელი “ჯეონეტი” მირკის არხებით შემოიფარგლებოდა..
ათი ერთდროულად მოციმციმე ფანჯარა.. ყველგან ერთი და იგივე..
“-asl plz
- ra ubanshi cxovrob?
- ras saqmianob”…
აი, ასეთი იყო ქართული ნეტი უხსოვარ დროს.. მერე იყო ფორუმი. ფორუმი იმდენად განსხვავებული მოვლენა იყო მაშინ ჩემთვის, რომ არ შეიძლება ამას ცალკე, დიდი პოსტი არ დავუთმო :)
მერე იყო ბლოგები :) ქართული ბლოგოსფეროც მახსოვს “ააააააააააააი ამხელა” (იგივე ჟესტით). მე რამდენიმე მცდელობა მქონდა მისი გაკეთების, ისინი ახლაც არსებობენ სადღაც, ინტერნეტში.  საბოლოოდ, ჯერ გოგოების ბლოგზე დავიწყე წერა და შემდეგ გავაკეთე ჩემი ახლანდელი ბლოგის პრიმორდული ფორმა :)

დამწყები ბლოგერი მაგარი ტიპია. ცდილობს მის ბლოგზე იყოს ყველაფერი.. ცნობილი მწერლების ბიოგრაფიებით დაწყებული, მისი დღის უმცირესი დეტალების აღწერით დამთავრებული. ჩემი პირველი პოსტი საერთოდ “ვარეზული” იყო :) შარშან ჩავასწორე და მხოლოდ სათაური, სურათი და აღწერა დავტოვე. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალი იყო, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან ერთად იჭმებოდა ბლოგი.

ჩემი ბლოგიც იყო გატენილი ფლეშ “ფინტიკლიუშკებით”: საათით, ფლეიერით და ა.შ. უსარგებლო ვიჯეტებით.

ყველაზე მეტად მაშინ მთვლელი იყო მნიშვნელოვანი. სულშეკრული ვითვლიდი.. “დღეს ორმა ადამიანმა ნახა ბლოგი”, “დღეს სამი იყო შემოსული”.. მიხაროდა კომენტარები (კომენტარები დღესაც მიხარია )..
მოკლედ, მთელ ევოლუციას არ მოვყვები..

რატომ დავიწყე საერთოდ ამაზე.. დღეისთვის, ბლოგზე დღეში საშუალოდ 70-120 ადამიანი შემოდის. საიტების და ზოგიერთი სხვა ბლოგერის საზომით დიდი არაფერი, მაგრამ რომ დაფიქრდე 70 ადამიანი კითხულობს ჩემს პირად ბლოგს :))) ამაზე წერის დროს რომ ვფიქრობდე, ალბათ ვერ დავწერდი.. ან დავწერდი ) უკვე საკმაოდ შევეჩვიე ამ ერთგვარ ექსჰიბიციონიზმს.  საერთოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კითხულობენ ისინი, ვინც ხშირად აკომენტებენ, ასეთი მგონი სულ 10-15 ადამიანი თუ იქნება, ხოდა მერე ვინმე თითქმის უცნობი ადამიანი რომ მეუბნება, შენს ბლოგს ვკითხულობო,  მიკვირს და მსიამოვნებს :) ამ შეგრძნებას, ალბათ ყველა ბლოგერი გაიგებს.

ხოდა..
მერამდენედ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარს ჩემი ბლოგი და სხვისი ბლოგები. დილით მეილის და FB-ს შემოწმების შემდეგ, ჯერ ჩემ ბლოგს ვამოწმებ, შემდეგ სხვა საყვარელ ბლოგებს.. მიხარია, რომ მაქვს სივრცე, სადაც ჩემს აზრს გამოვთქვამ შეუზღუდავად.  მარკეტინგული მიოპიაც* მჭირს, მაგრამ სანამ  ჩემი ბლოგი, ჩემთვის თავის გამოხატვის საშუალებაა, მანამდე შემიძლია თავისუფლად ვთქვა: აქ ვარ, ზუსტად ისეთი როგორიც ვარ და დიდი მადლობა იმას, ვისაც ეს მოსწონს და ჩემი ბლოგის კითხვა არ ეზარება.

პ.ს. შემდეგი პოსტი იქნება ამ პოსტის გაგრძელება, მინდა დავწერო ზოგადად ბლოგებზე :)

* მარკეტინგული მაიოპია – მარკეტინგში ცნება გამოიყენება, როგორც კომპანიების “ვიწრო ხედვის” აღმნიშვნელი. ბლოგების შემთხვევაში, ეს არის ის მომენტი, როდესაც ბლოგერი წერს იმას, რაც თვითონ მოსწონს და არა იმას, რაც შეიძლება მოეწონოს მკითხველს.

შემთხვევითი პოსტი