(ცოტა სნობური პოსტი)
მინდა თუ არ მინდა, ხანდახან, ადამიანებს ძალაუნებურად ვყოფ, მათი პრიორიტეტული საგნების მიხედვით. ზოგი სუფთა ჰუმანიტარია, ზოგი მათემატიკაზე გიჟდება, მე პირადად “საბუნებისმეტყველო” საგნებისკენ ვარ, განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა ყოველთვის. ფიზიკა/მათემატიკასთანაც კარგი სალმისა და ოჯახის მოკითხვის (სხვანაირად რომ ვთქვათ “მყარი ოთხიანის”) დონეზე ვიყავი. სამაგიეროდ, პრინციპულად არ ვწყალობდი ისტორიას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა სახელების, გვარებისა და თარიღების დამახსოვრება, ამიტომ ისტორიას ყოველთვის ცერად ვუყურებდი, ვერც გეოგრაფიას დავუმეგობრდი. ზღვებს, მთებს და მდინარეებს რა უჭირთ, მაგრამ როდესაც მე-7 კლასში მითხრეს, რომ უნდა დამეზეპირებინა, როგორი ნიადაგებია ალაზნის ველზე, აქ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მას შემდეგ ჩემი გეოგრაფიის ნიშნები, ყოველთვის “კარგი გოგოობით” იყო განპირობებული.
სხვათაშორის, უცნაურ მომენტს დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად (ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად), როდესაც რაღაც ე.წ.”ინტელექტუალურ” გამოკითხვებს ატარებენ, შეკითხვები ზუსტად რომ ისტორიიდან და გეოგრაფიიდან არის. კიდევ სპორტიდან, კულტურიდან, ლიტერატურიდან.. ამავე დროს, შეკითხვები ფიზიკიდან, მათემატიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. ბევრად უფრო იშვიათია.. საინტერესოა რატომ? მაგრამ პოსტის დაწერა სხვა რამემ შთამაგონა.
მოგეხსენებათ, საქართველოში ახალი კანონი შემოიღეს სკოლაში ატესტატის გაცემასთან დაკავშირებით. შემდეგ წელს მე-12 კლასის მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას ყველა 10 საგანში. ბუნებრივია, ახლანდელ მე-11 კლასელებში პანიკაა. ფორუმზე დავათვალიერე თემა და ერთი უცნაური ტენდენიცა შევნიშნე. თითქმის ყველა “წუწუნა პოსტში” წერია რაღაც შემდეგის მსგავსი: “აუ, არასოდეს მისწავლია ფიზიკა და ახლა რა ვქნა?”, “რა ჯანდაბად მჭირდება ქიმია, იურისტობას ვაპირებ”, “უფ,რა უნდათ ახლა ბიოლოგიის სწავლა დავიწყო? რაში მჭირდება ფილოლოგს ბიოლოგია” და ა.შ. ჯერ არ მინახავს პოსტი შინაარსით “აუ, მე ფიზიკოსობა მინდა და რატომ უნდა ვისწავლო გეოგრაფია?” ან “ვაიმე, ისტორია არ მისწავლია საერთოდ, ან რაში მჭირდება? მე ხომ ექიმობას ვაპირებ”..
ხოდა.. ნეტავ საქმე იმაშია, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს საერთოდ აღარავინ სწავლობს, თუ იმაში, რომ მსგავსი საგნების მოყვარულ ბავშვებს გამოცდების ნაკლებად ეშინიათ?
