წერილების წერა მიყვარს.
ვერასოდეს ვწერდი დღიურებს, რაღაც დაფარულ ჩანაწერებს “მხოლოდ ჩემთვის”, c’mon, ჩემი ჩანაწერები თავშიც მყოფნის. აი, წერილი სულ სხვა ტიპია, განსაკუთრებით გემრიელი დასაწერი და მერე უფრო მაგარი გადასაკითხი.
ჩემი ერთ-ერთი პირველი საფოსტო ყუთი, რომელიღაც რუსულ სერვისში იყო გახსნილი, შემდეგ სერვისი გააუქმეს და საფოსტო ყუთი “დამეკარგა”. ფაქტიურად, ჩემი ინტერნეტ-ცხოვრების პირველ 2-3 წელს “მიწამი პირი უყო”. არადა, მაშინ ბევრად უფრო აქტიურად მქონდა ადამიანებთან მიმოწერა. ფორუმებზე არ ვიყავი დარეგისტრირებული, ბლოგები და სოც.ქსელები რა იყო, ხომ საერთოდ არ ვიცოდი. ამიტომ რუსულ ჩატებში ვიღაც ადამიანებს ვიცნობდი და შემდეგ მათთან მიმოწერა მქონდა.
ი-მეილებამდე, ჩვეულებრივი, “ქაღალდის” წერილების წერით ვიყავი დაკავებული. ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი კახეთში ცხოვრობდა, ამიტომ ორ კვირაში ერთხელ, რვეულის ფურცლებზე დაწერილ, და “ხელნაკეთ” კონვერტებში შეფუთულ წერილებს ვატანდი ბიძაჩემს აქედან იქ.. ის წერილები ახლაც მაქვს შენახული. ხან და ხან ვკითხულობთ და ბევრ ვიცინით. არადა, ძალიან ბევრია ) ერთ-ერთი “წერილი” 40 ფურცლიან რვეულს იკავებს მთლიანად : )
აუდიო-წერილები გაგიკეთებიათ როდესმე? მე – კი. მაქვს რამდენიმე კასეტა, რომელიც მე “გამომიგზავნეს”. მეც ჩამიწერია.. ბევრი არა, მაგრამ 2-3 ). ეს კასეტები ყველაზე ბნელ კუნჭულებში მაქვს გადამალული. თუმცა ერთი 10 წელიწადიც და მათი “დაკვრის საშუალება” გაქრება მგონი.
ხოდა, რატომ დავიწყე წერა.
დღეს რაღაც მიზეზით, ძველი წერილები მოვქექე მაილში და საოცრად გავერთე. ძალიან ბევრი წერილი, თავის დროზე წავშალე და ახლა გული მწყდება. შემთხვევით, ერთი ნაცნობის წერილი ვიპოვე. ამ ადამიანთან კონტაქტი ძალიან დიდი ხანია აღარ მაქვს. ბარათში სულ ერთი წინადადება წერია და სიმღერაა მიბმული.. ხოდა, რაღაც სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი.
მაინც კარგი რაღაცაა ეს წერილების წერა. შეგიძლია იკითხო და გაიხსენო როგორ “ვითარდებოდი” შენ, როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა ადამიანებთან, სად იყო პიკში და სად გაწყდა…
ბოლო წლებია, ძალიან, ძალიან ცოტა წერილს ვწერ. ბლოგმა, ფორუმებმა და სოც.ქსელებმა, ჩაკლეს ი-მეილური რომანტიკა )
ესეც სიმღერა წერილიდან)
