ჩვენი აქ ყოფნის დრო, ნელა-ნელა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, და ახლა გამახსენდა, რომ კლინიკაზე ჯერ არაფერი დამიწერია.
აქაურმა ინტერნმა გოგომ მომიყვა, რომ ჰაჯეტეპე, სულ თავიდან პედიატრიული კლინიკა იყო. შემდეგ adult კლინიკაც მიუმატეს, შემდეგ სამედიცინო უნივერისტეტი დაუმატეს, მერე სამედიცინოს გარდა, სხვა ფაკულტეტებიც გახსნეს, და ასე იქცა პედიატრიული კლინიკა დიდ და მაგარ საუნივერსიტეტო კომპლექსად თავისი “ნავაროტებით”.
თვითონ კლინიკა ძალიან კარგია, რაც პირველი “მეცა” თვალში, ჩვენი კლინიკების მერე, ეს არის კარგი აღჭურვილობა, ელემენტარული ნემსებით და კათეტერებით დაწყებული, რთული აპარატებით დამთავრებული. მე პედიატრიულ განყოფილებაში მოვხვდი (მოვხვდი რა, ავირჩიე). აქ კიდევ ავირჩიე სამი განყოფილება. თითო განყოფილება – თითო კვირა.
პირველი კვირა, იდეაში, ე.წ. “ემერჯენსში” უნდა გამეტარებინა, თუმცა ორი დღის შემდეგ, მე და ჩემმა მეწყვილემ გადავწყვიტეთ, პირდაპირ ინფექციურში გადავსულიყავით. მიზეზი საკმაოდ მარტივია და პრინციპში ყველაზე დამთრგუნველი. განყოფილება ძალიან გადავსებულია, ექიმები ერთმანეთს ძლივს უქცევენ გვერდს, პაციენტები (უფრო მათი მშობლები) და ექიმები, რა თქმა უნდა, თურქულად ლაპარაკობენ, თვითონ მომსახურე პერსონალიდან, ინგლისური ცოტამ იცის, მითუმეტეს ახსნა უჭირთ. აქედან გამომდინარე, ნუ მარტივად შეიძლება წარმოიდგინოთ. ვდგავართ მე და ჩემი მეწყვილე მთელი დღე განყოფილებაში, გარშემო დარბის ხალხი, ინტერნს, რომელსაც “მიგვაბარეს” (და რომელსაც ღამის კოშმარად ვექეცით), ყოველ ორ წუთში კითხვებს ვაყრით: “რა სჭირს პაციენტს?”, “რა სტკივა?”, “რა ტესტების გაკეთებას აპირებთ?”, “რას ვარაუდობთ?” და ა.შ.
მოკლედ, “ყველგან ვძვრებოდით, სადაც ვეტეოდით”. ორი დღის თავზე მოგვბეზრდა ეს “ფეხებში გაბლანდვა” და გადავედით ინფექციურის პოლიკლინიკაში (სამწუხაროდ განყოფილებებში , ანუ როგორც აქ ეძახიან “სერვისებში”, ყოფნის უფლება არ მოგვცეს).
აქ სიტუაცია შედარებით უფრო მშვიდი იყო. ვიყავით ჩვენ, ერთი ინტერნი გოგო და ერთი ექიმი ) ხო, კიდევ ორი ლაბორანტი ქალი. პაციენტების შემოსვლაზე, ინტერნი ყოველთვის მითარგმნიდა რა სჭირდა პაციენტს (საერთოდ, ძალიან, ძალიან საყვარელი გოგოა ), რა ტესტებს უკეთებდნენ და ა.შ. თვითონ ექიმიც ხშირად ცდილობდა ეჩვენებინა რაღაცეები. გადიდებური ლიმფური ჯირკვლების პალპაცია, პაციენტის აუსკულტაცია, ყელის შემოწმება და ა.შ. ყველგან მახედებდნენ/მასინჯებდნენ ხელით და ა.შ. თუმცა, ენობრივი ბარიერი აქაც მქონდა. სულ ვნანობდი, რომ ვერ ვიგებდი რას ამბობდა თავად მშობელი. ამ ყველაფერს ერთი მინუსი ჰქონდა, ხშირად იყო დღეები, როდესაც საათში 1-2 ბავშვი შემოდიოდა. დანარჩენ დროს, უბრალოდ ვჭორაობდით. ხან მედიცინაზე, ხან general თემებზე. ბოლოს, წიგნი მიმქონდა თან და უპაციენტობაში, პოლიკლინიკის ოთახი სამკითხველო დარბაზს ემსგავსებოდა.
ამ კვირას ნეფროლოგიის პოლიკლინიკაში გადავედი. აქ, აღმოვაჩინე, რომ თურმე კლინიკა ყველგან ისეთი “გლამურული” (სხვა სიტყვა ვერ მომაფიქრდა) არ იყო, როგორიც შემოსასვლელშია. აქ, ექიმების ოთახები ისეთივე პატარააა, მაგიდები და დასაწოლები, ხის და ცოტა ძველი იერის მქონე, თითო ოთახში, მინიმუმ 2 ექიმი ზის.. ჩვეულებრივი, ქართული პოლიკლინიკა გამახსენდა, რომელშიც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. თუმცა, ერთი რამე უნდა აღინიშნოს. პაციენტები ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია. აქაც ერთ კვიპროსელ ინტერნს “შევეკედლეთ”, იმან მოგვიყვა, რომ ჰაჯეტეპეს პედიატრიული კლინიკა, ევროპაში მეორედ არის მიჩნეული და ინტერნების პრაქტიკისთვის საუკეთესოა. ასე თქვა, რომ ბრიუსელის კლინიკაში იყო, ერასმუსის პროგრამით, და იმ რაოდენობა პაციენტებს, რასაც იქ მთელ კვირაში ხედავდა, აქ ერთ დღეში ყავდა.
საბოლოო ჯამში შემიძლია ერთი რამე ვთქვა, გული მწყდება, რომ თურქული არ ვიცი. თურქული რომ მცოდნოდა, ეს დრო ძალიან, ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის. კი, პაციენტებს ახლაც ვუყურებ, იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელიც კარგად დამამახსოვრდება, მაგრამ ექიმის და პაციენტის ურთიერთობის მონაკვეთები, სრულიად ამოვარდნილია ჩემთვის.
ზოგადად, საზაფხულო სტაჟირებებზე ერთ რამეს მივხვდი (საკუთარი გამოცდილებაზე და აქაური ინტერნების მონაყოლზე დაყრდნობით), როდესაც ხარ უცხოელი სტუდენტი, სადაურიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, არავინ არაფერს არ “დაგახვედრებს”. უბრალოდ, რომ შევიდეთ იმ ექიმების მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ: ხართ ექიმი, მთელი დღე, ენა ამოვარდნილი დარბიხართ პაციენტიდან, პაციენტისკენ და გარდა მაგისა გიმატებენ ორ ვიღაცას, რომლებმაც ყველაფერთან ერთად, შენი ენა არ იციან და მათ დამატებით უნდა უთარგმნო ყველაფერი, რაც ხდება. ასე რომ, მსგავს სტაჟირებაზე ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ორი რამე : ა.იმ ქვეყნის მშობლიური ენის ცოდნა, ბ. საკუთარი ჯიუტი ხასიათი, რომ შეძვრეთ ყველა სიტუაციაში, სთხოვოთ მოგასმენინონ, გაგასინჯინონ და ა.შ.
პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, მაინც. თუმცა, ენა რომ მცოდნოდა ყველაფერი ბევრად, ბევრად უფრო მაგრად იქნებოდა. მაგრამ, რა ვქნათ, ce este la vie, რაც მივიღე იმითაც ვკმაყოფილდები, ბოლოს და ბოლოს აქაური კლინიკა და უნივერსიტეტი, ნამდვილად არაა ჩემს დისკომფორტში დამნაშავე.
პ.ს. აღჭურვილობის ხსენებისას, დამავიწყდა მეთქვა, რომ ერთხელ ჩავყევი მარიკას საოპერაციოში (ზოგადად, ოპერაციების და ა.შ. რაღაცეების მოყვარული არ ვარ ) და ძალიან მაგარი იყო ) შეგეცოდება ჩვენი კლინიკები, ამ ყველაფრის დანახვაზე.
