top-image

LATEST ARTICLES

მარტო მე მიჩნდება ხოლმე ახალი ბლოგის გახსნის უცნაური სურვილი? :)

უკვე სამი წელია ამ ერთ ბლოგს ვევლები თავს. ვახარჯავ ნერვებს, დროს, ფულსაც (ნუ 30 ლარი წელიწადში მაინც და მაინც არ ითვლება, მაგრამ).. და მაინც ) ხანდახან მიჩნდება სურვილი, შევიდე ვორდპრესზე ან ბლოგსპოტზე და ახალი ბლოგი დავარეგისტრირო… “თავიდან დავიწყო” :)

ეს დღეებია, მეგობარს ჩავაცივდი ბლოგი გააკეთე-თქო და იმდენი “ვეჩალიჩე”, დაიწყო.. ხოდა რომ ვუყურებ მიჩნდება სურვილი მეც დავრეგისტრირდე, ავარჩიო რამე საკაიფო თემპლეიტი btemplate-ზე და მერე… პირველი პოსტი.

პირველი პოსტებიც როგორ გავს ერთმანეთს.

“გამარჯობათ. მე ვარ *******. გადავწყვიტე გავაკეთო ბლოგი. აქ იქნება ჩემი ნაჯღაპნები (თემაზე/ ყოველდღიური ცხოვრებიდან). იმედი მაქვს მოგეწონებათ”

ან რამე ამის მაგვარი ) ჰაჰ.. ყველა პირველი პოსტი გავს ერთმანეთს. ნუ, თითქმის ყველა :)
ხოდა, მარტო მე ვარ ასეთი პარანოიკი? :gi:

მიყვარს შაბათი. სერიოზულად. ის აღარაა პარასკევი, როდესაც საღამოს დღის საქმეებისგან საოცრად დაღლილი ხარ (თუმცა პარასკევის საღამოც მიყვარს) და ის არც კვირაა, როდესაც პერსპექტივაში ორშაბათი გეღრიჯება. მოკლედ, ოქროს შუალედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
კიდევ მიყვარს პიჟამა. ყველაზე მოხერხებული და მაგარი საშინაო ტანსაცმელი. განსაკუთრებით თუ რამდენიმე ზომით დიდია და ფართხუნა.

მოკლედ, რადგან ძალიან მიყვარს შაბათები და პიჟამა, გადავწყვიტე დღეს პიჟამის დღე გამეკეთებინა.
როგორ გამოიყურება სტანდარტული Pajama Day? ზარმაცად. ჩაი/ყავა (რაც შეიძლება ბევრი), მთელი დღე პიჟამაში ბოდიალი და ძალიან ბევრი უსაქმურობა. სახლიდან არსად გადიხარ, არაა საჭიროება იმის, რომ სარკეში ჩაიხედო და თმა დაივარცხნო, არავის ნახვას არ გეგმავ (სახლის ბინადრების გარდა) და რაც მთავარია სრულიად ივიწყებ რომ რაღაც გასაკეთებელი გაქვს, რაღაც დასაწერი. Who cares? როგორც ადრე, იოგურტის რეკლამაში იყო “И пусть весь мир подождет”.

ბოლო დროა, არამხოლოდ ჩემი ბლოგი მივაგდე, არამედ სხვის ბლოგებსაც თითქმის არ ვკითხულობ. იშვიათად, რამე თუ დალინკეს FB-ზე, სხვა შემთხვევებში მავიწყდება. დღეს, რამდენიმე ბლოგს გადავხედე. ჩემი ძველი ბლოგნაცნობების ცხოვრებაში რამდენი რამე შეიცვალა. ვიღაც დეპრესიაშია, ვიღაც იქიდან ბრუნდება. Кто-то приходит, кто-то уходит, кто-то теряет, кто-то находит. მოკლედ, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, მათ შორის ბლოგურიც.

საგმირო განზრახვები მქონდა დამეწერა დიდი პოსტი, კიდევ რამდენიმე დამეკონსერვებინა, ბოლომდე დამემთავრებინა სკინის დამუშავება. რა თქმა უნდა, არაფერი გამიკეთებია. სკინზე საერთოდ. ფოტოშოპი საოცრად მეკაიფა დღეს (რისთვისაც დაისაჯა წაშლით).

ერთი კვირის წინ ( ხო, მართლა აქ არ მითქვამს, წინა weekend-ი მოტალახებულ ბაკურიანში გავატარე, მაგრამ მაინც კარგი იყო) ძალიან მაგარი წიგნი წავიკითხე. ლუკიანენკოს “Лабиринт Отражений”. მე ამ ჟანრში ცოტა ვერ ვერკვევი, მაგრამ გიორგიმ მითხრა კიბერ პანკიაო, ხოდა მგონი ეგაა :) ნებისმიერ შემთხვევაში საოცრად მაგარი რამე იყო, სადმე ინტერნეტში თუ იპოვით (რუსებმა იციან რაც “ჰყავთ” გაყიდვადი და ამიტომ მის უფასოდ შოვნის გზებს ძირითადად აშტობენ) წაიკითხეთ აუცილებლად, ისიამოვნებთ.

ამ კვირას, პროგრამაში პერუმოვის “Алмазный меч, Деревянный меч” მაქვს, ესეც ძალიან საინტერესოა, თუმცა ლუკიანენკოსავით თავიანად არ მითრევს.

ხოდა, რაზე იყო ეს პოსტი? ისევე როგორც ბოლო რამდენიმე, სრულიად არაფერზე. უბრალოდ მეგობარმა იმ დღეს საყვედური გამომიცხადა, პირად საქმეში შეტანით და მეც მივხვდი რომ დროა, მორიგი, ჩვეული ექსჰიბიციონიზმის აქტი ჩავატარო და განვლილი მოვლენების თუ აზრების ნაზავი ამოვანთხიო.

ხვალ თუ კარგი გოგო ვიქნები, ერთ-ორ თემატურ პოსტს დავწერ და დავაკონსერვებ. მერე ნელა-ნელა გავხსნი :)

აი ასე. ესეც სიმღერა

პ.ს. ბარტონის ალისა ვნახე. ფილმი დიდი არაფერი, სამაგიეროდ ჩეშირის კატაა სრულიად აღმაფრთოვანებელი. ნუ, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რა თქმა უნდა :))))))))))
პ.პ.ს. მარტის დასაწყისში ბლოგი სამი წლის გახდა :)

გაზაფხული მომყავს ბლოგზე. ოღონდ ცოტა მეზარება, ცოტა ფოტოშოპი მიხურებს საქმეს და.. მოკლედ, ახლა ბლოგს რომ ვუყურებ, ცუდად შეღებილი თმა მახსენდება. გინახავთ მასეთი? ზოგ ადგილზე, ახალი ფერი რომ არის, ზოგზე ძველი და ზოგგან საერთოდ ვერ გაიგებ რა…

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლოს ერთი-ორი დღით “მოვტყდები” ქალაქიდან :) ვნახოთ, როგორ გამომივა :)

სიმართლის დროს “მოვუსმინე”, გული ამერია ნანკა კალატოზიშვილზე

წავედი, დავიძინო.. აჰა, თქვენ ფისო:

გქონიათ მომენტი, როდესაც დაკავებულ პერიოდებს შორის, მოულოდნელად  ერთი (“დედისერთა”) თავისუფალი საღამო გამოგიჩნდებათ და წარმოდგენა არ გაქვთ რა აკეთოთ? :)
დღეს გამოცდაზე გავედი. ჩავაბარე, ჩვეულებრივად :) ნორმალურად. ვიღაცის საზომით შეიძლება კარგადაც, თუმცა მე არც ისე ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, I could do better.
მთელი საღამოა, არ ვიცი რას ვეტაკო. ვწერო, ვითამაშო, წავიკითხო თუ ტელევიზორს ვუყურო.. თანაც ყველაფერთან ერთად მეძინება უკვე. it sucks. მგონი დეპრესია მეპარება ამ საგაზაფხულოდ. მინდა სახლში ჩავჯდე/ჩავწვე/კომპიუტერში გავიხსნა(Расствориться), ოღონდ გარეთ არ გავიდე და გარემოსთან არ მქონდეს ურთიერთობა. დავიღალე.
ბოლო პერიოდი ვფიქრობ იმაზე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველი წელი ალბათ არაფერს გავაკეთებ. არ ვიცი, რა მოქმედებს ასე, ალბათ უშესვენებო სწავლა.
წავედი, მეძინება, დავიღალე, თავი მტკივა..

და უი, ხო, ახალი “feature” ჩაერთო ჩემს ორგანიზმს, როდესაც მეძინება და არ ვწვები, სასტიკად გაღიზიანებადი ვხდები. ამიტომ,  სჯობს ახლავე გავეცალო ფხიზელთა სამყაროს :)

აი, სიმღერა. მოუსმინეთ, მომწონს ძალიან

არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, მაგრამ ჩემს ბლოგზე დატოვებულმა კომენტარებმა (და ასევე ბევრ სხვა ფორუმზე ნანახმა სისულელემ) მომიყვანა ხასიათზე.

ვალენტინობა, სულ რამდენიმე წელია რაც ჩვენთან “შემოვიდა” და თუ ერთმა ნაწილმა ის ვარდების და ბუშტების ყიდვით “აიტაცა”, მეორე ნაწილი გამწარებული ებრძვის ამ ტრადიციას როგორც  “ანტიეროვნულს” და “დამანგრეველს”.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წმინდა ვალენტინი, იმით გახდა “ცნობილი” რომ ჰომოსექსუალურ წყვილებს სწერდა ჯვარს. რა “გასაოცარი” და “გასაკვირიც” არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია, მხოლოდ ქართულ ენაზე და ქართულ ინტერნეტში გვხვდება, დანარჩენი სამყარო და მათ შორის კათოლიკურიც, “ტყემალზე ზის” (აი, ასეთი მაგრები ვართ :D ), მოკლედ, ახლა მინდა პატარა ინფორმაცია დავდო იმის თაობაზე თუ რეალურად სადაა ვალენტინის თავი დამარხული.

როგორც ვიკიპედია გვამცნობს, არსებობს რამდენიმე ცნობა, სხვა და სხვა ქრისტიან (კათოლიკე) მღვდელზე, რომლებსაც ვალენტინი ერქვათ. თუმცა აქედან რაიმე “რომანტიული” არც ერთს გადახდენია. თუმცა არსებობს ლეგენდა, რომ რომაელი იმპერატორი კლაუდიუსი, არ რთავდა ახალგაზრდა ბიჭებს ცოლის მოყვანის უფლებას, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ცოლიანი მამაკაცი, უფრო ცუდი მებრძოლია, ვიდრე უცოლო. ამ მძიმე პერიოდში, ვინმე ვალენტინი, ჩუმად სწერდა ჯვარს წყვილებს (განსაკუთრებით ნიჭიერებისთვის განვმარტავ : ქალს და ვაჟს). ის საბოლოოდ ამისთვის სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ამბობენ, რომ ამ მღვდელმა, სიკვდილით დასჯამდე, თავისი ზედამხედველის ბრმა ქალიშვილს აუხილა თვალი. აი, ასეთი ლეგენდაა.

რაც შეეხება ტრადიციას, მისი ფესვები დიდი ბრიტანეთიდან (და არა ამერიკიდან) მოდის. პირველად “ვალენტინის დღე”, რომანტიულ ამბავს, დაუკავშირა ჯოფრი ჩოსერმა, რომელიც თავის ლექსში სადაც წერდა:

“For this was Saint Valentine’s Day,
when every bird comes there to choose his mate”

(ამისთვის იყო წმინდა ვალენტინის დღე, რათა ყოველ ფრინველს, თავისი მეწყვილე აერჩია – მაპატიეთ უხეირო თარგმანი). ეს დაიწერა 1308 წელს.  და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალი, როგორც თვე არ უხდება “ჩიტების დაწყვილებას”, საბოლოო ჯამში სიყვარულის დღე, სწორედ ამ დროს აღინიშნება (უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ვიკიპედიას ).
ახლა ისმის კითხვა, რატომ შეუცვალეს ვალენტინს ორიენტაცია საქართველოში?

ჩემი აზრით სქემა მარტივია – გარკვეული კატეგორიისთვის, საჭირო გახდა ვალენტინობის პოპულარიზაციის, როგორც “არაეროვნული ელემენტის”, შეწყვეტა. სხვა საკითხია კიდევ, რაში აწყობს, იმ “გარკვეულ კატეგორიას”, რომ ხალხს მხოლოდ იმის სჯეროდეს, რასაც თავად დააკანონებს და იტყვის, მაგრამ ამაზე ნუ გავჩერდებით.   რა უნდა უთხრა საშუალოსტატისტიკურ, ჰომოფობ ქართველს იმისთვის, რომ რაღაც შეაზიზღო? სწოოორია, ის, რომ ეს დღე, დაკავშირებულია მისთვის ასე საძულველ ჰომოსექსუალებთან. ამის შემდეგ, აგერ უკვე მესამე წელია, მესმის ეს მარაზმული ლეგენდა, ხით-ხითით და “ფუუF” შორისდებულებით. ლეგენდა, რომელიც მხოლოდ საქართველოში არსებობს.

მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავთ განვლილ ვალენტინობას მათ, ვისაც “გევალენტინებოდათ” :)

Cheers :)

გამარჯობა.. გოგოებო და ბიჭებო.. არც ისე გოგოებო და ბიჭებო, სერჩ  ბოტებო და სპამ ბოტებო, მკითხველებო და შემთხვევით შემოსულებო.

მოვედი. მოვედი რა. ვწერ. თორემ სულ აქ არ ვიყავი? მაგრამ სასტიკად არ მეცალა :)

ახლა მოგიყვებით, რას ვაკეთებ და როგორ ვარ ) “ვის რაში აინტერესებს პირადი პოსტები” კასტას გაგაწბილებთ :)

ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული მქონდა. ამას ის დაერთო, რომ დღევანდელ საღამოს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად, 11-12 საათზე, პირველკლასელივით ვიძინებ, ხოდა, თუ თავიდან რამდენიმე საინტერესო იდეა მქონდა პოსტის დაწერასთან დაკავშირებით, ახლა ეს იდეებიც აღარ მაქვს.

უნივერსიტეტში, ალბათ ყველაზე საინტერესო საგანს გავდივართ. ნუ, ყველასთვის არ ვიცი, მაგრამ მე სიამოვნებით ვსწავლობ. სასამართლო მედიცინაზე ვამბობ. უუუ ) მაგარია. ბევრი გვამი, დაზიანებები, ექსპერტიზები და ა.შ. გახსოვთ, ადრე რომელიღაც პოსტში ვწერდი, რომ ბავშვობაში Dana Scully-ობაზე ვოცნებობდი? ხოდა, ეს საგანი ძალიან ახლოსაა იმ ოცნებასთან(თუ მეხსიერება არ მღალატობს, სკალი, primary პროფესიით მედ.ექსპერტი იყო). რაღაც მომენტში, იმაზეც კი დავფიქრდი, ამ დარგში ხომ არ მეცადა-თქო ბედი… მაგრამ, ორი მომენტია:
ა. ჯერ არ მქონია უშუალო შეხება სამუშაო “მასალასთან” (ორშაბათიდან მექნება, სამი დღით) – ვნახოთ მერე რა ხასიათზე დავდგები.
ბ. გასაგებია, რომ მედ.ექსპერტიზა, კარგი ამბისთვის არავის უნდა, მაქვს ამდენი უბედურების ყურების ნერვები?

არ ვიცი, არ ვიცი..  და რამდენიც არ უნდა მიყუროს ჯილიან ანდერსონმა ბავშვობის მოგონებებიდან, ოცნება და ფილმი ერთია, რეალობა კი სხვა.

სხვა მხრივ, განსაკუთრებული არაფერი. ვიყურები ფანჯარაში და ვფიქრობ იმაზე, მეღირსება თუ არა წელს ნორმალურად გუნდაობა? :) ერთი შანსი უკვე გამოვტოვე… ვნახოთ, რა გამოვა ამისგან.

დიდი ხანია, ჩემი ძილის დრო დადგა.
აი, ასეთი უღიმღამო პოსტია, მაგრამ лиха беда начала..

დატვირთული კვირა მაქვს. მალე დავბრუნდები :)

ეძღვნება მარიკას

ლილიანის შეპირებული პოსტის წერას ვაპირებდი, მაგრამ..

მემართება ხოლმე ასე. უცებ რაღაცას დავინახავ, ან მოვისმენ, მერე რაღაც გამახსენდება და მორჩა. ჩემი პოსტი სულ სხვა რაღაცაზე გამოდის.

სკოლა ყველას სხვადასხვანაირად ახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სკოლაში სწავლის პერიოდს ცუდს ვერ უწოდებ, მაინც უფრო მეტი უსიამოვნო მოგონება მაქვს, ვიდრე პირიქით. დღემდე მაქვს ის შეგრძნება, რომ ცხოვრების ამ პერიოდში რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობდი. აი, იმ სკოლაში, რომლის წინ, ყოველ ღამე 12 საათზე, აკაკი და ილია ჯოხებს ცვლიან (ჩემი ბავშვობის Urban Legend-ი ).  “ბნელ” პერიოდში დავიწყე სწავლა. 1994-1995 წელი. ჩემს უბანში ამ სკოლის გარდა, დანარჩენებში, უფროსკლასელები, უმცროსკალსელებს სახლიდან წამოღებულ ფულს ართმევდნენ და ზოგადად, არ იყო გარშემო კარგი “აურა”. ამიტომ, სკოლის არჩევაზე არც გვიფიქრია. პირველი სკოლა, ჩემი “უბნის” სკოლაც იყო და იმ დროისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში. თუმცა, მაშინდელი დირექტორი, როგორც ჩანს არ ფიქრობდა, რომ იმ უბანში ცხოვრება და კარგი გონებრივი განვითარება (თავისუფლად ვკითხულობდი ქართულად და რუსულად + 1-2 კლასის მათემატიკა გადაღეჭილი მქონდა) საკმარისი იყო სკოლაში მოსახვედრად. სკოლაში ყველა ადგილი “დაკავებული” იყო და საჭირო აღმოჩნდა იმის გახსენება, რომ ვიღაცის ნათლული და ვიღაცის ნაცნობი ვარ. მერე ყველაფერი მოგვარდა. სექტემბერში კი აღმოჩნდა, რომ ჩემ სკოლაში, სულაც არ უყურებდნენ ბავშვის საცხოვრებელ უბანს. ბავშვები, თბილისის ყველა უბნიდან დადიოდნენ ჩვენთან. ზოგს დილით 7-ზე სჭირდებოდა ადგომა, რომ  9-სთვის სკოლაში მოსულიყო. მაგრამ ამას შევეშვათ. საქართველოში ყველაფერი  “ვიღაცის შვილობით” და “ვიღაცის ნაცნობობით” რომ კეთდება, ეს ისედაც კარგად ვიცით.

არ მახსოვს, პირველივე კლასიდან ასე იყო, თუ მე-5 ს მერე დაიწყო ის, რომ ჩვენს ნაკადში ყველაზე “ცუდები” ვიყავით. ყველაზე დაუნები ( დაუნების დაძახება განსაკუთრებით ინგლისურის მასწავლებელს უყვარდა),  უგუნურები (ქართულის მასწავლებელი),  ცუდი ყოფაქცევის მქონეები  და ა.შ. ამას ყოველ დღე დაბეჯითებით გვიმეორებდნენ, არც იმის თქმა ავიწყდებოდათ, რომ არ ვიყავით ღირსები გვესწავლა “იმ კედლებში, სადაც ამდენი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა”.  ხო… სკოლის კედლები, რომელიც ამდენი “მოგონებას” ატარებდა, მართლა რაღაც “საკრალიზებული” იყო იმ დროს და მათთან შეუსაბამობაზე ზუსტად 9 წელიწადი მელაპარაკებოდნენ.

მასწავლებლებიდან, ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი. ეს ყველგან ასეა. დღემდე მადლიერი ვარ დედაჩემის, რომელიც ყოველთვის მიხსნიდა მათემატიკას. თვითონ პედაგოგმა, საგანი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ვაი, იმის ტყავის ბრალი, ვისაც ის არ ესმოდა. ოროსნებთან და სამოსნებთან ერთადერთი მიდგომა ჰქონდა. დაფასთან გაყვანისთანავე, სუსტ ბავშვს ჯერ კარგად ლანძღავდა, შემდეგ ეუბნებოდა “მიბრუნდი ახლა დაფასთან და ამოხსენი მაგალითი. იცოდე, ერთ შეცდომას დაუშვებ და ორიანს გიწერ მაშინვე”… :) პედაგოგიკა.

არა, ნათელი წერტილებიც არსებობდა. მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი. მიყვარდა ძალიან. ნუ, ის მგონი სკოლაში ყველას უყვარდა. ერთ-ერთ წინა პოსტში მეწერა, რომ უშუალოდ ისტორიასთან ფინთად ვარ, მაგრამ მასწავლებლის ხათრით ვსწავლობდი ყოველთვის. ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული იყო, მასწავლებლებს შორის. ერთხელ, იმასაც წამოსცდა “არაა აუცილებელი ყველა პირველი სკოლის ატესტატით აბარებდეს უნივერსიტეტშიო”..და დღემდე საზიზღრად მახსოვს ეს ნათქვამი.  სხვა მასწავლებლებისგან მიჩვეული ვიყავი. მისგან არა. ახლაც ეს წამოსროლილი ფრაზა რომ მახსენდება, ცუდ ხასიათზე ვდგები.  Дети злопамятные существа :)… ან მე ვარ.. “ზლოპამიატნაია”.

ზოგადად ვერ ვიტანდი სკოლაში ამ გამეფებულ სნობიზმს, ამ  “სიამაყეს”. საკლასო ოთახში კედლებზე რუკებს არ გვაკიდინებდნენ. “სოფლის სკოლა ხომ არ არისო” :)

კლასიც ვერ შევიკარით. მე-9 კლასის ბოლოს, სკოლაში ერთი “საყვარელი” წესი ჰქონდათ, ტესტირებას ატარებდნენ და 4-5 მეცხრე კლასიდან ორ მეათეს ტოვებდნენ.  იმას, ვინც რაღაც ზღვარს ვერ გადაცილდებოდა, სკოლიდან აგდებდნენ. პრინციპში, არც ისე ბევრს ჰქონდა იქ დარჩენის სურვილი, მე-9 კლასის შემდეგ.  ამ ყველაფრის გამო, გვინდოდა, პატარა “ბოლო ზარი” მოგვეწყო.  მთელ კლასს მოვდეთ ინფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ 40 ადამიანიდან სულ 12-15 ვიყავით. თუმცა ის პერანგი (შინაურულად “საროჩკა”) დღემდე მაქვს შენახული. დღეს, არც ისე ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. არ ვიცი ეს არაერთიანობა რისი ბრალი იყო. კლასის, დამრიგებლის თუ გარემოს. ალბათ ყველასი ერთად. იმისთვის, რომ ორმოცი ადამიანი,  გაერთიანდეს, ამისთვის ყველას სურვილი არის საჭირო. როგორც ჩანს არ იყო.

როდესაც მე-9 კლასის შემდეგ კოლეჯში მოვხვდი, გაკვირვებული ვუსმენდი ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში რაღაც სერიოზული ღონისძიებები უტარდებოდათ, სპექტაკლებს დგამდნენ, დებატებს  მართავდნენ.. მთელი ჩვენი “ღონისძიობანა” მეოთხე კლასში დარიგებული პატარ-პატარა ლექსებით და რამდენიმე მუსიკალური ნომრით დამთავრდა. სამაგიეროდ ბლომად იყო შემწვარი გოჭები, ორსართულიანი ტორტები და ა.შ.

რა თქმა უნდა, არ მქონია “სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი”. პო ბოლშომუ შეტუ, რომ შევხედოთ, დიდი არაფერია ეს ბანკეტი, მაგრამ თავის დროზე მაგაზეც მწყდებოდა გული. ახლაც მწყდება, ოღონდ ძალიან შორეულ კუნჭულში და ზედმეტად ჩუმად.

მგონი სიტყვა გამიგრძელდა. ყველას აქვს თავისი ბავშვობის ტრავმა. როგორც სოფიმ თქვა თავის ბლოგზე, ზოგი უმამოდ იზრდებოდა, ზოგი საქანელიდან გადმოვარდა, ვიღაც გადმოაგდეს კიდეც. ჩემი ბავშვობის ტრავმაა “ნორმალური სასკოლო პერიოდის დანაკლისის შეგრძნება”. ალბათ ცოტა ვაზვიადებ, ასე ცუდად არ იყო საქმე. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო ცოტა კარგი მრჩება მეხსიერებაში, რაც ზოგადად არ მახასიათებს, ასე რომ, ალბათ ცუდი ბევრად მეტი იყო. შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყო. შეიძლება საკმარისად ახლო ურთიერთობაში არ შევდიოდი თანატოლებთან … მაგრამ აწი რაღა მნიშვნელობა აქვს.

ხანდახან რომ ვფიქრობ, შანსი რომ მქონდეს, თავიდანვე სხვა სკოლაში წავიდოდი. თუნდაც დანგრეულში, თუნდაც არაპოპულარულში და ისეთში, რომელშიც ტატო ბარათაშვილს ფეხი არ მოუტეხავს. მეორეს მხრივ, შეიძლება არც შემეცვალა რამეს, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ის ვართ, რასაც  განვლილი მოვლენები აკეთებს ჩვენგან.

მომიტევეთ ყველამ, ვისაც კარგი მოგონებები გაქვთ დაკავშირებული ამ სკოლასთან, მაგრამ მე მასთან ჩემი Счет-ები მაქვს.

პ.ს. კიდევ ერთი სკოლისდროინდელი ტრავმაა ქართული გრამატიკის უცოდინრობა. თავის დროზე არ ვისწავლე, ახლა მრცხვენია.

ქართული ინტერნეტი სულ აააააასეთი მახსოვს ( ცერა და საჩვენებელი თითების ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიტანით). როდესაც მთელი “ჯეონეტი” მირკის არხებით შემოიფარგლებოდა..
ათი ერთდროულად მოციმციმე ფანჯარა.. ყველგან ერთი და იგივე..
“-asl plz
- ra ubanshi cxovrob?
- ras saqmianob”…
აი, ასეთი იყო ქართული ნეტი უხსოვარ დროს.. მერე იყო ფორუმი. ფორუმი იმდენად განსხვავებული მოვლენა იყო მაშინ ჩემთვის, რომ არ შეიძლება ამას ცალკე, დიდი პოსტი არ დავუთმო :)
მერე იყო ბლოგები :) ქართული ბლოგოსფეროც მახსოვს “ააააააააააააი ამხელა” (იგივე ჟესტით). მე რამდენიმე მცდელობა მქონდა მისი გაკეთების, ისინი ახლაც არსებობენ სადღაც, ინტერნეტში.  საბოლოოდ, ჯერ გოგოების ბლოგზე დავიწყე წერა და შემდეგ გავაკეთე ჩემი ახლანდელი ბლოგის პრიმორდული ფორმა :)

დამწყები ბლოგერი მაგარი ტიპია. ცდილობს მის ბლოგზე იყოს ყველაფერი.. ცნობილი მწერლების ბიოგრაფიებით დაწყებული, მისი დღის უმცირესი დეტალების აღწერით დამთავრებული. ჩემი პირველი პოსტი საერთოდ “ვარეზული” იყო :) შარშან ჩავასწორე და მხოლოდ სათაური, სურათი და აღწერა დავტოვე. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალი იყო, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან ერთად იჭმებოდა ბლოგი.

ჩემი ბლოგიც იყო გატენილი ფლეშ “ფინტიკლიუშკებით”: საათით, ფლეიერით და ა.შ. უსარგებლო ვიჯეტებით.

ყველაზე მეტად მაშინ მთვლელი იყო მნიშვნელოვანი. სულშეკრული ვითვლიდი.. “დღეს ორმა ადამიანმა ნახა ბლოგი”, “დღეს სამი იყო შემოსული”.. მიხაროდა კომენტარები (კომენტარები დღესაც მიხარია )..
მოკლედ, მთელ ევოლუციას არ მოვყვები..

რატომ დავიწყე საერთოდ ამაზე.. დღეისთვის, ბლოგზე დღეში საშუალოდ 70-120 ადამიანი შემოდის. საიტების და ზოგიერთი სხვა ბლოგერის საზომით დიდი არაფერი, მაგრამ რომ დაფიქრდე 70 ადამიანი კითხულობს ჩემს პირად ბლოგს :))) ამაზე წერის დროს რომ ვფიქრობდე, ალბათ ვერ დავწერდი.. ან დავწერდი ) უკვე საკმაოდ შევეჩვიე ამ ერთგვარ ექსჰიბიციონიზმს.  საერთოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კითხულობენ ისინი, ვინც ხშირად აკომენტებენ, ასეთი მგონი სულ 10-15 ადამიანი თუ იქნება, ხოდა მერე ვინმე თითქმის უცნობი ადამიანი რომ მეუბნება, შენს ბლოგს ვკითხულობო,  მიკვირს და მსიამოვნებს :) ამ შეგრძნებას, ალბათ ყველა ბლოგერი გაიგებს.

ხოდა..
მერამდენედ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარს ჩემი ბლოგი და სხვისი ბლოგები. დილით მეილის და FB-ს შემოწმების შემდეგ, ჯერ ჩემ ბლოგს ვამოწმებ, შემდეგ სხვა საყვარელ ბლოგებს.. მიხარია, რომ მაქვს სივრცე, სადაც ჩემს აზრს გამოვთქვამ შეუზღუდავად.  მარკეტინგული მიოპიაც* მჭირს, მაგრამ სანამ  ჩემი ბლოგი, ჩემთვის თავის გამოხატვის საშუალებაა, მანამდე შემიძლია თავისუფლად ვთქვა: აქ ვარ, ზუსტად ისეთი როგორიც ვარ და დიდი მადლობა იმას, ვისაც ეს მოსწონს და ჩემი ბლოგის კითხვა არ ეზარება.

პ.ს. შემდეგი პოსტი იქნება ამ პოსტის გაგრძელება, მინდა დავწერო ზოგადად ბლოგებზე :)

* მარკეტინგული მაიოპია – მარკეტინგში ცნება გამოიყენება, როგორც კომპანიების “ვიწრო ხედვის” აღმნიშვნელი. ბლოგების შემთხვევაში, ეს არის ის მომენტი, როდესაც ბლოგერი წერს იმას, რაც თვითონ მოსწონს და არა იმას, რაც შეიძლება მოეწონოს მკითხველს.

როდესაც საბავშვო ბაღის ასაკის ვიყავი, ძალიან მიყვარდა წითელი ფერი.. ძალიან, ძალიან.. მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ მწვანე უფრო მიხდება, იმიტომ რომ მწვანე თვალები მაქვს..
სკოლაში მუქი ლურჯი მომწონდა… მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ მწვანე თვალების გამო ჩემი ფერი მწვანეა..
ცოტა მაღალ კლასებში, იასამნისფერზე გავჭედე. ჩემი ტანსაცმლის დიდი ნაწილი მწვანე იყო..

დღეს, კარგად რომ დავფიქრდე, გამორჩეულად არც ერთი ფერი არ მიყვარს ) უფრო სწორად, ყველა ფერი მიყვარს. მართლა, მიყვარს ფერადი ტანსაცმელი, ფერადი სურათები, ფერები მოკლედ.
მაგრამ, რომ მკითხონ, აი, ისე, უცებ, “რომელი ფერი მოგწონსო”, “მწვანე”-თქო, ვუპასუხებ :)

პ.ს. სურათი გადაღებულია სტამბულის ბაზარში, როგორ მომწონს ეს ბევრი ფერადი თეფში ერთად <3 :)

Page 1 of 29:1 2 3 4 »Last »
bottom-img