top-image

OLDER ARTICLES

(ცოტა სნობური პოსტი)
მინდა თუ არ მინდა, ხანდახან, ადამიანებს ძალაუნებურად ვყოფ, მათი პრიორიტეტული საგნების მიხედვით. ზოგი სუფთა ჰუმანიტარია, ზოგი მათემატიკაზე გიჟდება, მე პირადად “საბუნებისმეტყველო” საგნებისკენ ვარ, განსაკუთრებით ბიოლოგია მიყვარდა ყოველთვის. ფიზიკა/მათემატიკასთანაც კარგი სალმისა და ოჯახის მოკითხვის (სხვანაირად რომ ვთქვათ “მყარი ოთხიანის”) დონეზე  ვიყავი. სამაგიეროდ, პრინციპულად არ ვწყალობდი ისტორიას. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა სახელების, გვარებისა და თარიღების დამახსოვრება, ამიტომ ისტორიას  ყოველთვის ცერად ვუყურებდი, ვერც გეოგრაფიას დავუმეგობრდი. ზღვებს, მთებს და მდინარეებს რა უჭირთ, მაგრამ როდესაც მე-7 კლასში მითხრეს, რომ უნდა დამეზეპირებინა, როგორი ნიადაგებია ალაზნის ველზე, აქ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მას შემდეგ ჩემი გეოგრაფიის ნიშნები, ყოველთვის “კარგი გოგოობით” იყო განპირობებული.

სხვათაშორის, უცნაურ მომენტს დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად (ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად), როდესაც რაღაც ე.წ.”ინტელექტუალურ” გამოკითხვებს ატარებენ, შეკითხვები ზუსტად რომ ისტორიიდან და გეოგრაფიიდან არის. კიდევ სპორტიდან, კულტურიდან, ლიტერატურიდან..  ამავე დროს, შეკითხვები ფიზიკიდან, მათემატიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. ბევრად უფრო იშვიათია.. საინტერესოა რატომ? მაგრამ პოსტის დაწერა სხვა რამემ შთამაგონა.

მოგეხსენებათ, საქართველოში ახალი კანონი შემოიღეს სკოლაში ატესტატის გაცემასთან დაკავშირებით. შემდეგ წელს მე-12 კლასის მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას ყველა 10 საგანში. ბუნებრივია, ახლანდელ მე-11 კლასელებში პანიკაა.  ფორუმზე დავათვალიერე თემა და ერთი უცნაური ტენდენიცა შევნიშნე. თითქმის ყველა “წუწუნა პოსტში” წერია რაღაც შემდეგის მსგავსი: “აუ, არასოდეს მისწავლია ფიზიკა და ახლა რა ვქნა?”, “რა ჯანდაბად მჭირდება ქიმია, იურისტობას ვაპირებ”, “უფ,რა უნდათ ახლა ბიოლოგიის სწავლა დავიწყო? რაში მჭირდება ფილოლოგს ბიოლოგია”  და ა.შ. ჯერ არ მინახავს პოსტი შინაარსით “აუ, მე ფიზიკოსობა მინდა და რატომ უნდა ვისწავლო გეოგრაფია?” ან “ვაიმე, ისტორია არ მისწავლია საერთოდ, ან რაში მჭირდება? მე ხომ ექიმობას ვაპირებ”..
ხოდა.. ნეტავ საქმე იმაშია, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებს საერთოდ აღარავინ სწავლობს, თუ იმაში, რომ მსგავსი საგნების მოყვარულ ბავშვებს გამოცდების ნაკლებად ეშინიათ? :D

ასეთი დასვენების შემდეგ, თავს უფრო დაღლილად გრძნობ, ვიდრე მანამდე – რანდომული აზრები კვირას დილით.

ვერ ვიტან კვირას. განსაკუთრებით, როდესაც ეს არდადეგების ბოლო კვირაა. ხვალ  ყოველდღიურ ცხოვრებას ვუბრუნდები და ბაჰ.. არ მინდა ) tbh. გასაკეთებელი საქმის 5%-იც არ გამიკეთებია. რასაც ქვია, ორი კვირა სრული “არაფრისკეთებით” ვიყავი დაკავებული და ახლა სინდისი მექაჩება. ყველაზე ცუდი ამაში ისაა, რომ აწი, ივნისის ბოლომდე non-stop რეჟიმში გრძელდება სწავლა. არავითარი “არდადეგები”, პირველ და მეორე სემესტრებს შორის. სემესტრებიც არ გვაქვს, როგორც ასეთი :D

ესეც კიდევ ერთი, წინასასწავლო ნეგატივი )
გაიღიმეთ, გარეთ გადასარევი ამინდია )

P.S. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც წინა პოსტში რჩევები მომცა.  აი, გამოცდას მოვკლავ და მივხედავ ბლოგის გარეკანს… მერამდენედ xD

ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. თითქმის მტანჯველად ცვალებადი.
განსაკუთრებით მალე მეცვლება დამოკიდებულება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მაგალითად,  ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში, ხშირად ვიცვლი ავატარებს და პროფილის სურათებს. ასევე მესენჯერის ავატარები, ნიკები, სიგნატურები და ა.შ. არ შემიძლია, დიდ ხანს ვერ ვუძლებ ერთსა და იმავეს.
ეს ბლოგის Template-ებზეც აისახება. შეამჩნევდით :D

მოკლედ, დიდ ხანს ვიფიქრე და ვთვლი, რომ რაღაც ისეთი გაფორმება მჭირდება ბლოგისთვის.. დამახასიათებელი, რომელსაც ერთხელ დავაყენებ და დავისვენებ.
მაგალითისთვის განვიხილოთ  სვითი. ბლოგოსფეროში, ვამბობთ სვითის – ვგულისხმობთ ვარდისფერს, ვამბობთ ვარდისფერს – ვგულისხმობთ სვითის.  სხვანაირად, ამას კარგი “ბრენდინგი” ქვია.  მიხვდით ხომ, რას ვგულისხმობ?

მარტოს გამიჭირდა რამის მოფიქრება. არ მაქვს ფერები, რომლებიც ჩემ თავთან ასოცირდება. არც რამე სხვა “ნიშანი”.  ვივლი, ვივლი და ისევ ჩეშირის კატას მივადგები.. მაგრამ კიდევ, კიდევ მჭირდება რაღაც.
ერთი პერიოდი, მეგობრებს ჩამოვუარე და ყველას ვკითხე ვისთვის რასთან ვასოცირდებოდი, მაგრამ ყველამ სხვა და სხვა რაღაც მომწერა.

მოკლედ,  იმას,ვინც მეტ-ნაკლებად ხშირად შემოდიხართ ბლოგზე და მოგბეზრდათ ის, რომ ორ დღეში ერთხელ, სხვა და სხვა გარეკანი გხვდებათ ადგილზე, მინდა ვკითხო, რასთან ასოცირდება ბლოგი? :)

please, კომენტარებში დამიტოვეთ პასუხი, იქნებ რამით დამეხმაროთ :D

პ.ს. ვიცი, რომ მთავარი კონტენტია, მაგრამ  ))

ნებისმიერი რეკლამა კარგია, მანამ სანამ შენს url-ს სწორად უთითებენ (c) ხალხური ბლოგური სიბრძნე

ბლოგინგი კარგი რამეა. აკეთებ ბლოგს და “სახლიც” შენია და “როიალიც”. ხოდა დაახრიგინებ ამ როიალს აქეთ-იქით. გინდა მწვანედ შეღებავ, გინდა წითლად. და მაინც, ხშირად ჩნდებიან ადამიანები ვინც შემოვა დაგხედავს და გეტყვის რომ ლურჯი როიალი ბოსტანში – ტეხავს.

პრინციპში, კრიტიკა კარგი რამეა, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლაც არც ისე კარგი იდეაა, ეს ლურჯი როიალი ბოსტანში.  სწორედ ამიტომ, როდესაც ერთი-ორი დღის წინ, ფეისბუქზე დააშეარეს გამკილავის ბლოგი , იდეა ძალიან მომეწონა. შევეშვათ კრიტიკის სარგებლობას, უბრალოდ კარგი მარკეტინგული მიგნებაა, გააკეთო ტროლი-ბლოგი, რომელზეც ყველა შევა, რომ ნახოს მის ბლოგზეც ხომ არ დაიწერა რამე.  ასეთ ბლოგზე დაიწერება ბევრი კონტრ პოსტი (როგორც მაგალითად ჩემი :D ) და ა.შ. და ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად მიგვიყვანს იქამდე რომ კარგად თუ ცუდად, მაგრამ ბლოგი პოპულარული იქნება. მოკლედ, იდეაში ხუთიანი.

შესრულებას რაც შეეხება.

პირველი ექვსი პოსტიდან, რეალურად სულ რამდენიმე შენიშვნა იყო ზუსტი (ჩემი მოკრძალებული ჰაზრით, რა თქმა უნდა). მაგალითად, ქენდის ბლოგზე არსებული თეთრი წარწერები შავ ფონზე. კი, ნამდვილად გეთანხმები რომ მსგავსი ფერთა შეხამება მავნებელია ბლოგისთვის.

მაგრამ საერთო ჯამში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი კითხულობს, მაქსიმუმ 4-5 ბლოგს, ხოლო დანარჩენების კრიტიკა პოსტებზე ზედაპირული თვალის გადავლებით იწერება და თითიდან გამოწოვილია.
მაგალითისთვის:

და შენც
აი მითხარი ეხლა, რატომ გადაწყვიტე ბლოგერობა, რას გვერჩოდი, რა დაგიშავეთ ჰა!

მოდი ჯერ შენით დავიწყებ ლანდიშო!

აი ყვავილის სახელი რატომ გქვია გოგო ხარ?!

ჩემი აზრით მისი სასოწარკვეთა გამოწვეულია მისი ბლოგის არაპოპულარობით, დაიწყო ბლოგერობა შემართებით რომ გახდებოდა პოპულარული, მაგრამ საბოლოოდ ვერ გახდა… ნუ იხტიბარს არ იტეხავს ბოვში

კიდევ ბრტყელი იუმორი:

[აი ამ სურათზე კუკებს შვება : D ]

ფაქტობრივ შეცდომებზე, რომლებიც ასევე არის დაშვებული, აღარ ვილაპარაკებ.
მოკლედ,you are doing it wrong )

ივარჯიშე, დაიხვეწე, კარგად დაუკვირდი ბლოგის ხასიათს. ყველა ბლოგერს აქვს რაღაც თავისი “ოფოფი”, რომელზეც შეიძლება გაიკაიფო, თან ისე, რომ მართლა სასაცილო იყოს. აი, პატარა მაგალითი.

მანამ სანამ ამას არ გამოასწორებ,  ყველანაირი კრიტიკა, უბრალოდ  “უშანკა ქუდი რატომ არ გახურავს” კატეგორიის შარის მოდება იქნება :)

პ.ს. შენი ურლ ზუსტად მიწერია ;)

გამშრალი პირის, ატკიებული თავისა და გაღიზიანებული ღვიძლების მესამე დღე დასასრულს მიუახლოვდა. ერთი-ორი კვირაც და ახალი 2010, ზუსტად ისეთივე გახდება როგორც ძველი 2009. ნწ. ეს არ არის პესიმიზმი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ :)

გადავხედე 2008 წლის შემაჯამებელ პოსტს და მე თვითონ გამიკვირდა, აღმოჩნდა რომ ჩემი მაშინდელი სურვილების უმეტესობა ახდა. სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

აი ძველი სია, სტატუსებითურთ

  • სიმშვიდე. ზოგადი და ადგილობრივიშესრულებულია (ნუ, არამდგრადად, მაგრამ რაც არის ისიც კარგია)
  • ახალი ჰოსტი და დომენი ბლოგისთვისშესრულებულია
  • 80 ლვლ პრისტზე - ესეც Done
  • ჩეშირის კატიანი ყავის ჭიქა – 1,5  კვირის წინ მაჩუქეს. Done
  • ცოტა მეტი, არაინვალიდი, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების უნარიჰმმმმ…
  • იქნებ წელს მაინც მივხვდე რა მინდა.. – ნაწილობრივ შესრულებულია
  • აიპოდი – ზაფხულში ვიყიდე. Done
  • მეოთხე კურსი დანარჩენ სამზე უკეთესად დავხუროძალიან დიდი “ჰმ”. მეოთხე კურსი დავამთავრე ყველაზე ცუდად.
  • ხალი მაუსი :) ))) ძველმა ტვინი შეჭამავიყიდე, უკვე გაფუჭდა. ასე რომ ისევ მჭირდება ახალი მაუსი
  • სადმე ევროპაში მინდა.. ჩოტა ხნით მაინც :უსერ: - ევროპაში არა, მაგრამ თურქეთში ვიყავი სამი კვირით, ასე რომ ესეც Done.

2009 წლის მოკლე შინაარსი:

  • იანვარში ძირითადად ვპროკრასტინატორობდი და ჩვენი საზოგადოებით ვღშფოთდებოდი.
  • თებერვალში ჩავწერე პირველი ვიდეო პოსტი.
  • მარტში პირველად ვიყავი ბაკურიანში ჩემს ბიჭთან და მეგობრებთან ერთად.
  • აპრილში ვცადე “Perfect World”-ის თამაში. საკმაოდ მინორულ ნოტაზე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს.
  • მაისში დავიწყე წერა Weekend.ge-ზე(შესაბამისად, ბლოგინგში ფულის აღება).
  • ივნისში პირელად ვიმგზავრე მატარებლით. ვიყავი ბათუმში, ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიასთან ერთად.
  • ივლისში: ა.ბლოგი გახდა self-hosted-ი და გადავიდა მისამართზე imho.ge , წავედი თურქეთში საზაფხულო პრაქტიკაზე.
  • აგვისტოში ბეთხოვენა დაიღუპა.
  • სექტემბერში გადავწყვიტე ტოეფლის ჩაბარება. ბევრი ფიქრის შემდეგ დავიწყე სიარული კურსებზე CIE-ში.
  • ოქტომბერში Serv.ge-მ მაჩუქა ჰოსტი ჩემი ბლოგისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქარისთვის და ძალიან მაგარი სერვისისთვის.
  • ნოემბერში ვფიქრობდი ზამთარზე, ცხოვრების აზრზე და ვემზადებოდი ახალი წლისთვის.
  • დეკემბერში ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა. მივიღე 95 ქულა. მქონდა ძალიან მაგარი შობა და უმაგრესი ახალი წელი მეგობრებთან ერთად.

ახალი წლისგან მინდა:

  • ყველა ახლო ადამიანი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს.
  • ბილეთი ევროპაში. სასურველია სასწავლო ვიზით. სასურველია ზაფხულში (სასურველია ამ დროს არავინ წუწუნებდეს იმაზე რომ მივატოვე :უსერ: :მო: )
  • -30 კგ 2010 წლის ბოლომდე
  • ნორმალურად დამთავრებული კურსი
  • ჯანმრთელობა(არ მაქვს ახლა თხის და დრაკონის გრიპების დრო)
  • მართვის მოწმობა. ა.კ.ა. “პრავა”
  • ახალი მაუსი

…მეტი აღარ მახსენდება ) არაუშავს. მადა ჭამაში მოდისო და წლის განმავლობაში გავიხსენებ :D

წელს პირობას ვდებ:

  • აღარ ვიარო მაკდონალდსში ივნისამდე (თუ შემთხვევით აღმოვჩნდები, მხოლოდ ჩაის ან ფანტას დავლევ. ვოტ)
  • სერიოზულად მივუდგე გერმანულის სწავლას
  • ნორმალურად ვისწავლო და მაქსიმალურად ვეცადო, ორკვირიან კურაციებში ორზე მეტი და ერთკვირიან კურაციებში ერთზე მეტი გაცდენა არ მქონდეს.
  • უბრალოდ ვიყო კარგი გოგო, რომ გაისად თოვლის ბაბუამ კარგი საჩუქრები მომიტანოს.

მგონი სულ ეს არის, რისი თქმაც შეიძლება გასული წლის მოვლენებზე და მომავალი წლის იმედებზე.

რატომღაც თავში დამარტყა, ვიდეო-პოსტის  ჩაწერის იდეამ.

1.ხმა ისევ ისეთი ცუდია
2.სახე მაქვს კამერასთან ძალიან ახლოს და როგორც “სამოვარში” ისე ვჩანვარ )
3. ახალ წელს გილოცავთ ყველას :)

მიყვარს დღესასწაულები. არ აქვს მნიშვნალობა რა ) აღსანიშნი იყოს და ალბანეთის დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავ (28 ნოემბერსაა, btw). განსაკუთრებით მიყვარს საყოველთაო ზეიმები.. ქართულიც და ამერიკული ფილმებიდან შემოჭრილებიც.

ახალი წელი, ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი, გულის სიღრმეში მაინც იმედით უყურებენ კალენდარში ციფრების ცვლას. აი, მოვა ახალი წელი და ყველაფერი უკეთესად იქნება. ის, რაც ცუდი მოხდა, დარჩება უკან, წინ კი ბევრი ახალი დღეა… ხშირად მერე ვწუწუნებთ, რომ დღესასაწული “არ შედგა”, ისეთი კარგი არ გამოვიდა.. და საერთოდაც მოლოდინი, ხშირად დღესასწაულზე უკეთესია, მაგრამ..

წელს პირველად აღვნიშნე დასავლურად Christmas-ი. თან ამ დღესასწაულის ყველა “ატრიბუტით”. დეკორაციებით, საჩუქრებით და რაც მთავარია ადამიანებით, ვისთან ერთადაც ასეთი დღის შეხვედრა გაგიხარდება.  პირველი უმაგრესი ეტაპი იყო საჩუქრების შერჩევა, ფიქრი და მაღაზიებში სიარული.  მერე გიორგისთან სახლში, ჩემი ხელით შევფუთე ყველა ) პრინციპულად არ წავიღე მაღაზიაში შესაფუთად. და კულმინაცია 25-ში. როდესაც თან შენი საჩუქრის გახსნისას გაინტერესებს რა გაჩუქეს და ამავე დროს, იმაზეც ფიქრობ, სხვებს როგორ მოეწონათ ის, რაც აარჩიე.  მრრრრ ) მართლა უმაგრესი დღე იყო.
სხვათაშორის, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი საჩუქრები მივიღე, რაც მთავარია ყველა საჩუქარში იგრძნობოდა რომ უბრალოდ “ზრდილობის გულისთვის” არ იყო შერჩეული <3 <3 <3 :)

Wall-e გიორგისგან

ჭიქა ნთვარისგან

საყურეები პიკოსგან

გულსაკიდი ჰერასგან

მადა ჭამაში მოდისო, ახლა ვფიქრობ ოჯახის ყველა წევრსაც ვუყიდო რამე <3 მოკლედ, მაგარია ძალიან, ძალიან..
ხოდა, საბოლოოდ იმის დაწერა მინდოდა, რომ..
დღესასწაული ეს არ არის რაღაც ციფრი კალენდარში ) ეს განწყობაა. სურვილი იყო იმ ადამიანებთან ერთად ვინც გიყვარს და გაახარო ისინი რამით ) და როდესაც ისინი გახარებენ. ჩემი განწყობა პირველი საახალწლო “შოპინგით” დაიწყო და ახლაც გრძელდება.

სვითის იდეით, 40-მა ბლოგერმა გადავიღეთ სურათები, რისგანაც შემდეგ საახალწლო ვიდეო გააკეთა და უუუ.. ისეთი მაგარი გამოვიდა, მთელი დღეა ვუყურებ და გული “ჩუყილის” მოუდში მაქვს ) განწყობაც მემატება.. ლამისაა ვიხტუნავო )

დარწმუნებული ვარ, უკვე ყველამ ნახეთ ეს ვიდეო, მაგრამ აქაც რომ არ დავდო სული შემეხუთება და მუხლები მომეკეცება :)

საერთოდ, ასეთ ვიდეოებს რომ ვუყურებ, ძალიან მიყვარდება უცებ ყველა.. არ ვიცი რატომ. ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა იწვევს ამ ემოციებს თუ სხვა რამე ) აი, ჩემი საყვარელი სხვა გულისამაჩუყებელი ვიდეოები:

ქართული უფასო ჩახუტებები:  http://www.youtube.com/watch?v=PBd42OHle38
ავსტრალიური უფასო ჩახუტებები: http://www.youtube.com/watch?v=vr3x_RRJdd4
“All you need is love Worldwide” : http://www.youtube.com/watch?v=7JHAXqwRGoI (2:37-ზე ჩვენები არიან)

ასეთ რაღაცეებს, როცა არ უნდა ვუყურო, ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები )

მოკლედ.. იმდენჯერ გამაწყვეტინეს პოსტის წერა, დამავიწყდა საიდან დავიწყე და რით ვაპირებდი პოსტის დამთავრებას )

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ყოველთვის გქონდეთ კალენდარული თარიღის შესაბამისი განწყობა :)

მიყვარხართ ახლა ) ყველანი )

პ.ს. მესამე დღეა ნაძვის ხის დადგმას ვაპირებ და ვერ მივედი მაქამდე )

პ.ს. (ნახატში არ ჩაეტია და აქვე მოგწერ) სოფომ ასე ჰსთქუ, მეც მინდაო, ხოდა ერთი წყვილი მაგასაც მიუტანე ^^

ბოლო სამი დღეა ფულს ვხარჯავ. გემრიელად, სინანულის გარეშე.
კარგი შეგრძნებაა სულ რომ შენია და რაშიც გინდა – იმაში გადაყრი.
ნაძვისხის სათამაშოები ვიყიდე.  ორ კი არა – ათ ნაძვის ხეს ეყოფა ))

ბლიზარდმა 7 უფასო სათამაშო დღე მაჩუქა ვოვში. ვირბინე ერთი საათი და მომბეზრდა.

ინტერნეტში შემოვდივარ, ვამოწმებ ფორუმს, ფეისბუქს. ორ მეილს. მერე ვხვდები რომ სხვა საქმე მართლა აღარ მაქვს აქ.

წავედი, კომპიუტერი ქსელიდან გამოვაძრო )

ეს თქვენ:

WARNING: წინამდებარე ტექსტი გარდა გამოცდასთან დაკავშირებული მშრალი ფაქტებისა შეიცავს ემოციების აღწერასაც, ამიტომ ვისაც მხოლოდ ფაქტები გაინტერესებთ, მოგიწევთ ქიშმიშების ბულკებიდან ამოკრეფა :) mea culpa.

გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, საათს უყურებთ და ტვინი უარს აცხადებს მიიღოს რეალობად ის, რაც ციფერბლატზე დაინახა? კი? გამარჯობა თქვენი. გამოცდა 11.30-ზე იწყებოდა. 11 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა (ახლაც გული მისკდება იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა არ დაერეკა). გადარეული წამოვვარდი და პირველი 15 წუთი პანიკაში დავრბოდი წინ და უკან(თან ვემზადებოდი :D ), ბოლოს ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი. გზაში ვიხსენებდი ყველა იმ ინგლისურ სიტყვას, რომელიც ჯერ არ ვიცოდი (დაახლოებით ის რაოდენობა რაც ვებსტერის ლექსიკონშია მოცემული).

გამოცდა ჩავაბარე CIE – ში(მდებარეობს ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო”, იგივე “სოროსის ფონდის” გვერდით). ვინც არ იცის რა სიტუაციაა, აღვწერ. ოთახი პატარაა. დგას 5 კომპიუტერი. ერთმანეთისგან ტიხრებით გამიჯნული. სიწყნარეა და თბილა(რაც წლის ამ მონაკვეთში ძალიან აქტუალურია). კომპიუტერები გამართულად მუშაობს. ყურსასმენები (ე.წ. ნაუშნიკები) + მიკროფონიც კარგია, ასე რომ ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა. 2,5 თვე მაწუხებდა ის აზრი, შემიშლიდა თუ არა სხვისი ლაპარაკი speaking-ისას.  ლაპარაკის დროს, თამამად ვაცხადებ- არ მიშლიდა, უბრალოდ არავისთვის მეცალა. ცოტა შემაწუხებელი იყო წერისას.  საერთო  ჯამში კმაყოფილი ვარ.

თავად გამოცდა.

Reading Section: იყო სამი ტექსტი. ხელოვნებიდან, არქეოლოგიიდან და ზოოლოგიიდან. ყველაზე ადვილი იყო პირველი. დანარჩენ ორზე სასტიკად მიჭირდა კონცენტრირება. არ ვიცი, ზედმეტად ვიყავი აღელვებული თუ მართლა ტექსტი იყო ძნელი. ზოგადად, Longman-ის ტექსტებზე რთულია, კემბრიჯის ტექსტებზე (ჩემი მეგობარი ემზადებოდა კემბრიჯის სემპლერით და ჩემთან ერთად აბარებდა) – ადვილი.  ნებისმიერ შემთხვევაში, გავაკეთე იმაზე ცუდად, ვიდრე ველოდი. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ცუდად არა.
პატარა Tip-ი მათთვის ვინც მომავალში აბარებს: რიდინგში(ისევე როგორც მთელ გამოცდაზე) დაგჭირდებათ მთელი თქვენი ყურადღება და კონცენტრაცია, ამიტომ სახლში არ დატოვოთ, თან წაიღეთ, გამოგადგებათ. საკმარისია ტექსტი დაკვირვებით წაიკითხო, რომ ყველაფერი ძალიან ადვილია.

Listening Section: შედგებოდა სამი ნაწილისგან, თითოში 1 დიალოგი და 2 ლექციის მონაკვეთი. მესამე რომ დაიწყო, კინაღამ ტირილი დავიწყე, ისე დავიღალე მათი მოსმენით, მაგრამ გმირულად გავუძელი. აქაც იგივე. ერთი-ორჯერ შემომედუნა ( :D ) ყურადღება და შესაბამისად შეცდომები მექნება. ისე ბევრი, როგორც რიდინგში – არ მგონია, მაგრამ არც ისე ცოტა, როგორც ველოდი.
რჩევა აქაც იგივე. ყურადღება, ყურადღება, უფრო მეტი ყურადღება.

შესვენება. შესვენება აუცილებელი კომპონენტია, იმის საშუალებას, რომ არ დაისვენოთ, არ მოგცემენ. მე პირადად, საპირფარეშოში შევედი და ონკანს სახე მივუშვირე. ძალიან გამომაფხიზლებლად იმოქმედა. ცოტა დაღლილობაც მომეხსნა, ასე რომ კარგი რამეა.

Speaking Section: ყველაზე ბუა ნაწილი ever. ძალიან მეშინოდა. მთელი მომზადების პერიოდი, ბოლო დღეები, ის კი არა, reading-ის და listening-ის გაკეთების დროსაც კი სფიქინგის მეშინოდა. სინამდვილეში, არც ისე ქუხს როგორც ელავს (თუ როგორც ამბობენ ხოლმე).  პირველი და მეორე independent task-ები იყო (ვისაც არ ჩაუბარებია იმათთვის ვამბობ). შემხვდა თემები 1.რა იყო ან რა გინდათ რომ იყოს თქვენი საუკეთესო სამსახური . 2. უნდა დაუშვან თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში ისინი, ვინც ცუდად სწავლობდა სკოლაში.
დანარჩენი ოთხი ინტეგრირებული კითხვები იყო. მესამე მეოთხეში ჯერ ტექსტს ვკითხულობდი, შემდეგ მოსასმენი იყო და ბოლოს შეკითხვა, მეხუთე – მეექვსე ნაწილებში, მხოლოდ მოსასმენი.
ექვსივე კითხვაზე ვილაპარაკე მეტ-ნაკლებად ნორმალურად. არ ვიცი როგორ შევძელი, მაგრამ სასწაულად დავწყნარდი ლაპარაკის დაწყებისთანავე. იმდენად, რომ შევძელი მშვიდად მეკონტროლებინა დრო და ლაპარაკის ტემპი. შესაბამისად ერთი პასუხის გარდა ყველგან ზუსტად ჩავეტიე დროში. დრო არც ზედმეტი დამრჩა, არც შუა სიტყვაზე გამიწყდა. ერთ-ერთ პასუხში მქონდა პატარა პაუზა. მოკლედ, ასე მგონია რომ ნორმალურად ვილაპარაკე. დანარჩენს ქულები აჩვენებს.
რჩევა ჩამბარებლებს: წაიკითხეთ შეკითხვა და მოიფიქრეთ ის პასუხი, რომელზეც ყველაზე მეტს ილაპარაკებთ. არ არის საჭირო თქვენს მიერ ნათქვამი შეესაბამებოდეს სინამდვილეს (ნუ, ახლა ის არ თქვათ, რომ ემინემი ამერიკის პრეზიდენტი იყო). შემოწმებლებიდან არავინ დაგირეკავთ სახლში და არ გკითხავთ მართლა მხატვრობაზე ოცნებობთ თუ ეკონომისტობა გირჩევნიათ. მოკლედ, იმ 15-20 წამში რაც მოსაფიქრებლად გაქვთ აირჩიეთ გეზი (ლაპარაკისას არ გადაუხვიოთ) და მოიფიქრეთ პირველი წინადადება რომლითაც დაიწყებთ. დრო საკმარისია და კარგი სტარტი დიდი პლიუსია, ზოგადად.

Writing Section: კიდევ ერთი pain in the… hm, you know where ) მაგრამ კმაყოფილი ვარ. ინტეგრირებული ტექსტი (ჯერ წაკითხვა, მერე მოსმენა, მერე ამ ორის შეჯამება) ნორმალურად დავწერე, დალაგებულად. შეიძლება შეცდომები მაქვს მაგრამ უფრო ორთოგრაფიული. ხო, ტავტოლოგიებიც იქნება. საბოლოო ჯამში 225 სიტყვა გამოვიდა, რაც კარგია.
დამოუკიდებელ ნაწილში შემხვდა კითხვა, ვეთანხმები თუ არა შემდეგ დებულებას “დღეს მშობლებს ბევრად უფრო მეტად უჭირთ შვილების გაგება, ვიდრე 50 წლის წინ”. ესეც მეტ ნაკლებად ნორმალური გამოვიდა. Introduction, Conclusion ორივე თავის ადგილზე და 3-4 წინადადება. თეზისი ისე რა (ცოტა გრძელი გამოვიდა), ჰუკიც ისე რა (თუ საერთოდ ჩაითვლება ჰუკად.  სულ 390 სიტყვა. ბოლოში გადამოწმებაც მოვასწარი (ორივე ტექსტში 5-5 წუთი დამრჩა და გადახედვა მოვასწარი).

რჩევა ჩამბარებლებს: პირველი დაწერეთ თეზისი. ანუ, ეთანხმებით თუ არა დებულებას და რატომ. ეს “რატომ” უნდა მოიცავდეს მინიმუმ 2 მიზეზს, რომელსაც შემდგომ Body-ში განავცრცობთ.

ზოგადი რჩევა: ლაპარაკშიც და წერაშიც ძალიან სასარგებლოა მაგალითები. განსაკუთრებით პირადი ცხოვრებიდან. ამავე დროს, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ეს “მაგალითი” მართლა არსებობდა თქვენც ცხოვრებაში თუ არა. მოყევით ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, რომელიც “გადაგხდათ” და ამტკიცებს თქვენს აზრს. არავინ გადაამოწმებს იმას, მართლა ასე იყო თუ არა.

და ბოლოს: რა საკითხიც არ უნდა მოვიდეს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სცადეთ რომ გააკეთოთ. საკმარისია გაიფიქროთ “მე ამას ვერ გავაკეთებ” რომ არც გამოვა. You got to dance. Dance as long, as the music plays.


P.S. მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა არ მგონია ქულა იყოს უმაღლესი, მაგრამ არც დაბალ ქულას ველოდები. მოკლედ,  Надеюсь на лучшее, готовлюсь к худшему.

P.P.S. პასუხი ორ კვირაში.

Page 2 of 29:« 1 2 3 4 5 »Last »
bottom-img